English / ქართული / русский /
ნათია კახნიაშვილიხათუნა ბარბაქაძენატო კაკაშვილი
COVID-19-ის გავლენა ქონების დაზღვევის ფინანსურ მაჩვენებლებზე

ანოტაცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა  შეიძინა სადაზღვევო პროდუქტებმა, რადგან ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, სტიქიური უბედურებები, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები ყოველთვის აყენებდნენ ზიანს ადამიანს, დაზღვევა კი  მნიშვნელოვნად შეამცირებს ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოქნილ ზარალებს, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა კატასტროფები. დაზღვევა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ფინანსური ვალდებულებების შედეგად გამოწვეული ზარალი, თავი დავიცვათ დებიტორული დავალიანებების გადაუხდელობით გამოწვეული ზარალისგან. დაზღვევა ქონების დაცვის სანდო და გამჭირვალე მექანიზმს წარმოადგენს. ქონების დაზღვევის საჭიროება ყოველთვის იყო, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მოქალაქეები პირად საკუთრებას ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებენ.

საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო კომპანია, დამზღვევი, ქონების დაზღვევა, სადაზღვევო ხელშეკრულება, სადაზღვევო მომსახურება, ფრანშიზა, ხანძრისაგან დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ავტოტრანსპოტის დაზღვევა.   

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქონების დაზღვევა არის დამზღვევისა და მზღვეველის ურთიერთობა, რომელიც სადაზღვევო მომსახურების გაწევას გულისხმობს მაშინ, როდესაც ქონების ინტერესების დაცვა დაკავშირებულია ქონების ფლობასთან, განკარგვასა და გამოყენებასთან. შესაძლებელია, რომ ქონების დაზღვევის დროს დამზღვევი გამოვიდეს როგორც მესაკუთრის, ისე ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირის როლში და სწორედ ის არის ამ ქონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი (საქართველოს კანონი "დაზღვევის შესახებ, თბ.,1997). ქონების დაზღვევა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, თუმცა  სავალდებულო არ არის ბინის მესაკუთრე იყოს დამზღვევი. დაზღვევის საშუალება აქვს ბინის დამქირავებელსაც. ქონების დაზღვევას განეკუთვნება დაზღვევა ხანძრისგან, რომელიც ანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც დაზღვეულ ობიექტს დაატყდა თავს, თუმცა  არ ანაზღაურებენ ზარალს, რომელიც დამზღვევის ქმედებით წარმოიქმნა. სამწუხაროდ, საქართველოში შენობების უმეტესობაში არ არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, მათთვის ხანძრისგან დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია (https://on.ge/story/29182). ქონების დაზღვევის სახეობებს შორის აქტუალურია ტრანსპორტის დაზღვევა. სადაზღვევო ტარიფებზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა  სატრანსპორტო საშუალების მოდელი,  ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი და ა.შ.  

ევროკავშირში ავტოდაზღვევა და ავტომფლობელთა დაზღვევა სავალდებულო ხასიათს ატარებს რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო ხშრად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. საქართველოში დაზღვევის აღნიშნული სახე არ არის სავალდებულო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ ვალდებულებას ავტოტრანსპორტის მფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ქვეყნის მთავრობის განცხადებით 2015 წლიდან შესაძლოა ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო ყოფილიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი. მოსახლეობის უმეტესობა დაუცველია ისეთი რისკებისგან, რომელთაც ავტოსაგზაო შემთხვევები იწვევს. საქართველოში 2019–2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგის­ტრირებული  ავტომობილების მხოლოდ 7% არის დაზღვეული   (https://www.insurance.gov.ge). 2018 წლიდან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით საზღვარგარეთ დარეგისტრირებული ავტომობილის მეპატრონეს აქვს ვალდებულება მანქანა საქართველოში შემოსვლის მომენტიდანვე დააზღვიოს.

სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევიდან 2020 წელს მოზიდულმა  პრემიამ 112010897 ლარი შეადგინა. 2021 წლისთვის კი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებიდან მოზიდული პრემია 143200505 ლარი იყო, ხოლო 2022 წელს სამი თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევიდან მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 45,9 მილიონი ლარი. 2021 წლის განმავლობაში დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა  753 138–ს უდრიდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 78534–ით მეტია (https://www.insurance.gov.ge).

საქართველოში მნიშვნელოვან სადაზღვევო პროდუქტს წარმოადგენს  ავტოდაზღვევა.  სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მეტად სთავაზობენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს პასუხისმგებლობის დაზღვევას. 2019 წლის მონაცემებით, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან მოზიდულმა პრემია 55 460 000 ლარი იყო, ანუ  8,87 %.  2020 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 38 730 362 ლარს უდრის. 2021 წლის მაჩვენებლით დაზღვევის ამ სახეობიდან  მოზიდული პრემია  კი 44445717 ლარია  (https://www.insurance.gov.ge).

ქონების   დაზღვევის ასევე მნიშვნელოვან სახეს ტვირთების დაზღვევა წარმოადგენს. ნებისმიერი გადაზიდვისას ტვირთების დაზღვევა იცავს საქონელსა და სხვა მატერიალურ ფასეულობებს. დაზღვევის ერთ–ერთ პირობაა ფრანშიზა,  მინიმალური დანაკარგები, რომელთაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. ტვირთების დაზღვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ფრანშიზა, რადგან ის მზღვეველს ეხმარება თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ისეთ ზარალებზე, რომლებსაც, როგორც წესი, ვერ აიცილებს ტვირთების გადაზიდვისას. 2019 წელს  ტვირთების დაზღვევიდან მოზიდულმა პრემიამ შეადგინა  9 959 588 ლარი. 2020 წელს – 8 720 001 ლარი, 2021 წელს – 10 266 632 ლარი, ხოლო 2022 წელს, 3 თვის განმავლობაში – 458 316 ლარი (https://www.insurance.gov.ge).  2019 წლის მაჩვენებლებით მოზიდულმა პრემიამ ქონების დაზღვევაში 88 386 236 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი – 108 259 578, ხოლო 2021 წლის მონაცემებით სადაზღვევო კომპანიების მიერ  სადაზღვევო პრემია საგრძნობლად გაიზარდა და 118528 756 ლარი შეადგინა (https://www.insurance.gov.ge).

COVID-19 პანდემიის გამო უფრო მეტად გახდა საჭირო დაზღვევა და სადაზღვევო კომპანიებმაც, თავის მხრივ, დაიწყეს პოსტკრიზისულ  გეგმებზე მუშაობა. პანდემიამ არა თუ დააზარალა, არამედ ახალი შესაძლებლობებიც კი წარმოშვა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიისთვის.  მაგალითად,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“  მომხმარებელს საკმაოდ გაუმარტივა „ონლაინ“ პოლისის შეძენა „ქოლ­ ცე­ნ­ტრის“ მეშვეობით (www.aldagibci.ge). სს სადაზღვევო კომპანია თიბისიმ სადაზღვევო პოლისების თითქმის 70 %-ი მომხმარებლებს დისტანციურად მიაწოდა. აღნიშნულმა კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა კოვიდ-19-ისგან დაზღვევა, რომლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს და ერთჯერადად გადაიხდება. იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული გარდაიცვლება, კანონიერ მემკვიდრეს გადაეცემა 50 000 ლარი, ხოლო თუ დაზღვეულის მდგომარეობა საავადმყოფოში კოვიდის გამო რთულად მიმდინარეობს, ერთჯერადად  მიიღებს 10 000 ლარს. აუცილებელია, პაციენტს არ აღენიშნებოდეს ონკოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, დამბლა ან დიაბეტი; იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი ასაკი 18-დან 65-წლამდე მერყეობდეს (https://tbcinsurance.ge/). ვირუსით განპირობებული პრობლემების ფონზეც კი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგებამ  47.6 მილიონი ლარი შეადგინა (2020 წლის მაჩვენებლით). წლიური ზრდა 90%-ს შეადგენდა, ხოლო  2021 წელს  მოგებამ 41.6 მლნ. ლარი შეადგინა,  რაც 6 მილიონით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. 2022 წლის 3 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით იყო 267,6, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია 34,4 მილიონი ლარით. აქედან ქონების დაზღვევის სახეობაში  მოზიდული პრემია  2022 წელს არის 18,3 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წელს – 17,41 მილიონი ლარი. 2022 წლის 3 თვის მონაცემებით  გამომუშავებული პრემია აღემატება დამდგარი ზარალების რაოდენობას და შეადგენს 184,9 მილიონ ლარს. ასევე 2022 წლის 3 თვის მონაცემებით,  ნეტო გამომუშავებული პრემია აღემატება ნეტო დამდგარ ზარალებს და 134,8 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან  2022 წლის 3 თვის განმავლობაში  ქონების დაზღვევით  მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შეადგენს 18,3 მილიონ ლარს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში შეადგენდა 17,4 მილიონი ლარს (http://insurance.gov.ge).   

დასკვნა

დაზღვევის ცნობადობის ამაღლებისა და განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემოღებულ იქნეს დაზღვევის სავალდებულო და ინოვაციური პროდუქტები მომხმარებლისთვის. პანდემიის პირობებში აუცილებელი და საჭირო გახდა ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა. სადაზღვევო კომპანიებმაც არ დააყოვნეს და მომხმარებელს შესთავაზეს ინოვაციური პროდუქტები, რითაც მათი  სურვილები   დისტანციურად, სწრაფად და მარტივად დააკმაყოფილეს.

სადაზღვევო კომპანიებისთვის ძირითად მიმართულებას ქონების დაზღვევის მხრივ ქონების, ტვირთებისა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა წარმოადგენს. ქონების დაზღვევის მიმართულებით შეინიშნება ზრდა, სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მეტ პოლისს აფორმებენ და ამასთანავე, დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა შემცირებულია საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა კორპუსის დაზღვევა.

დღეს  სადაზღვევო კომპანიებისთვის  ქონების დაზღვევა მეტად მიმზიდველი სეგმენტია. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა ჯერ კიდევ აუთვისებელია და მოსახლეობის მცირე რაოდენობა სარგებლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების მუშაობა, არამედ სახელმწიფოს ჩართულობაც ამ ტიპის სადაზღვევო პროდუქტის განვითარებისათვის.

ქონების დაზღვევის განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია; ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სადაზღვევო ბაზრის რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან; ინვესტორთა დაინტერესებისათვის დაზღვევის სავალ­დებულო ფორმების ჩამოყალიბება; ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა; მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია სადაზღვევო ტერმინების, პოლისებისა და მათი ძირითადი თავისებურებების შესახებ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კაკაშვილი ნ., ბარბაქაძე ხ., სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების  პერსპექტივები საქართველოში. ჟურნ. ახალი ეკონომისტი. საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი ყოველკვარტალური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი №3-4 (62-63) ტ.1 6 გამომც. ”ლოი’’. გვ. 33-41 http://neweconomist.com.ge/media/documents თბ., 2021
  2. კაკაშვილი ნ., კახნიაშვილი ნ., ინოვაციური  სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის მეთოდები. ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტი „ეკონომიკა და ფინანსები“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“ UDC (უაკ) 050:[33+336] ISSN-2587-5000. გვ. 134-141, ბაქო, აზერბაიჯანი, 2019.
  3. კაკაშვილი ნ.,  სადაზღვევო საქმე  (ელექტროვერსია– სახელმძღვანელო). თბილისი. თსუ. 2021.
  4. კაკაშვილი ნ.,  ქონების დაზღვევის არსი და თავისებურებები საქართველოში. ჟურნ. ეკონომიკა და ბიზნესი. №6. ნოემბერ-დეკემბერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (გვ.139-147) E-mail: ebfjoirnal@tsu.ge         www.press.tsu.ge       თბ., 2010.
  5. კაკაშვილი ნ., ქონების დაზღვევის თავისებურებები.  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია,  თბილისის საერთაშორისო აკადემია  თბ., 2016.
  6. შათირიშვილი ჯ.,  კაკაშვილი ნ.,„სადაზღვევო საქმე“ (სახელმძღვანელო), თბ., 2012.  გვ. 436. საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“  E-mail:inovacia@caucasus.net 
  7. საქართველოს კანონი "დაზღვევის“ შესახებ, თბ., 1997.
  8. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური  http://insurance.gov.ge.

ინტერნეტ რესურსები

  1. https://aldagi.ge/ka/
  2. https://imedil.ge/Documents/TravelTerms
  3. https://mygpi.ge/compare#travel-easy.
  4. https://tbcinsurance-website-files.s3.eu-west-1.amazonaws.com/wordings/TR-001-21.